ევროკავშირსა და საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობები 1992 წლიდან აქვთ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მალევე, 1994 წელს საქართველომ დაიწყო მომზადება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე (PCA). ხელშეკრულება გაფორმდა ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს, რამაც განსაზღვრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობების ძირითადი ჩარჩო. ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტექნიკური დახმარების მეშვეობით ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების პროცესში. გარდა ამისა, 2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რითაც ხაზი გაუსვა ბრიუსელის ინტერესს რეგიონისადმი .

ეს ალბათ იმის შედეგი იყო, რომ ევროკავშირი გეოგრაფიულად უფრო დაუახლოვდა რეგიონს 2004 წელს აღმოსავლეთ გაფართოების მეშვეობით; ასევე, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირთან უფრო ფართო თანამშრომლობის გეზი აიღო, რომლის მთავარ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, 2004 წლის 14 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო მიიღო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამაში ჩართვაზე და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ორი წლის შემდეგ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP) ოფიციალურად იყო მიღებული ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. სამოქმედო გეგმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს ითვალისწინებს  და პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას უზრუნველყოფს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ევროკავშირმა მედიატორის როლი იტვირთა და სწორედ ბრიუსელის ჩართულობამ განაპირობა რუსეთსა და საქართველოს შორის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თაობაზე მოლაპარაკებებს ატარებდა ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი, მაგრამ მოსკოვმა ეს შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ამავდროულად, 2008 წლის 25 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ დანიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში (EUSR).

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ევროკავშირის როგორც შუამავლის როლი. 2009 წლის ივნისში, ეუთო-ს მოუწია 17-წლიანი მონიტორინგის ოპერაციის დასრულება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა მისიის მანდატის გაგრძელებაზე. ეს ნაწილობრივ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების შედეგი იყო. ევროკავშირმა შეავსო ეუთო-ს გათიშვით სექმნილი ვაკუუმი და 2008 წლის 15 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეიქმნა (EUMM). მისიის შექმნა, რომლის მიზანია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგი, იმას ნიშნავდა, რომ ევროკავშირი საქართველოში უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოთამაშეა. ევროკავშირი ასევე მოქმედებს როგორც ჟენევის პროცესის სამშვიდობო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, რომელიც მიზნად ისახავს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა, ჟენევის სამშვიდობო პროცესმა მხოლოდ სტატუს-კვოს შენარჩუნება მოახერხა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 22 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დონორთა კონფერენცია. პარტნიორ ქვეყნებმა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებმა საქართველოს 4,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყვეს 2008-2010 წლებისთვის. EURONEST პარლამენტი 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში დაარსდა, როდესაც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ასამბლეის დამფუძნებელ აქტს. EUROENST-ის საპარლამენტო ასამბლეის მისიაა ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად საჭირო პირობების შექმნას, ასევე რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე რეგიონსა და ევროკავშირს შორის. მრავალმხრივი ასამბლეა ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას, განვითარებას და თვალსაჩინოებას. საქართველო წვლილი შეაქვს ევროკავშირის სამშვიდობო ძალისხმევაში, მონაწილეობს ევროკავშირის სამხედრო სწავლების მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. 

ამას გარდა, 2008 წელს შემუშავდა და 2009 წელს რატიფიცირებული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომლის მიზანია ევროკავშირისა და პარტნიორობის წევრ 6 ქვეყანას შორის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება.

ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია. 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც, თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადია; ის ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, რომელიც ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში რეფორმებს ეფუძნება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაზრო წვდომას ზრდის უკეთ შეთანხმებული რეგულაციების საფუძველზე. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ ევროს გამოუყოფს საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის ოფიციალური გარანტია იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდება ევროკავშირის წევრი, ის ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაში და ევროკავშირის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან დაახლოებაში.

2017 წლის 29 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაცხადა ახალი მაკროფინანსური დახმარების პროგრამა საქართველოსთვის - 45 მილიონ ევრომდე. საერთო თანხიდან 10 მილიონ ევრომდე გათვალისწინებული იქნება გრანტების სახით და 35 მილიონ ევრომდე კი სესხის სახით.