საქართველო სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანზიტო ნაკადების საიმედო დერეფანს წარმოადგენს. ეს კონცეფცია ისტორიულ აბრეშუმის გზას უკავშირდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქვეყანას მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს ანიჭებდა. გარდა ამისა, საქართველო თავისი ხელსაყრელი კლიმატის, ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკური გარემოს, კარგად განათლებული და მრავალფეროვანი სამუშაო ძალისა და შესანიშნავი სატრანსპორტო კვანძის წყალობით შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების დასაბანდებლად. საქართველო მცირე ბიზნესსა და მეწარმეებს დახმარების უამრავ საშუალებას სთავაზობს, მათ შორის მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას, მეწარმე და მცირე ბიზნესის სესხების პროგრამებს და ა.შ.

საქართველოში 20 000-ზე მეტი მდინარეა და მათგან თითქმის 300-მდე ჰიდროელექტრული ძალის გამომუშავებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა. საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსების თვალსაზრისით და ლოგიკურია, რომ დღეს ელექტროენერგიის 78% ჰიდროელექტროსადგურებისგან (8.5 TWH) გენერირდება. კვლევების თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 25%-ია რეალიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს, ძირითადად ჰიდრორესურსების, თუმცა ასევე ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის წყაროების მიმართულებითაც. საქართველო იდეალურია ქარის ელექტროსადგურებში ინვესტიციებისთვის, 4 TWH- ს სავარაუდო პოტენციალით. სავარაუდოა, რომ ქარის ენერგიის საერთო წილი 2025 წლისთვის 10% -ს მიაღწევს.

წარმოებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11%  და დასაქმების დაახლოებით 5% მოდის. სურსათისა და არალითონური მინერალური პროდუქტების ინდუსტრია საქართველოს უმსხვილეს სამრეწველო ბაზას წარმოადგენს. საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბებით ახალი შესაძლებლობები გაჩნდა მინიმალური საგადასახადო დატვირთვით საქონლის წარმოებისა და ექსპორტისათვის - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ბიზნესი გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან, გარდა პირადი საშემოსავლო გადასახადისა. საქართველოში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ მზარდი რეგიონული ბაზრით და იმპორტის ჩანაცვლების სხვადასხვა შესაძლებლობებით, კერძოდ, შემდეგ ინდუსტრიებში: კვების გადამუშავება, ქიმიკატები, პლასტმასები, სამშენებლო მასალები, შეფუთვა, საყოფაცხოვრებო საქონელი, კერამიკული და მინის პროდუქტები და სხვა.

საქართველო ტრადიციულად სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა, რომელსაც აქვს 22 მიკროკლიმატური ზონა, ცივი და მშრალი, თბილი და ტენიანი. ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა მოსავლის უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვისა  და პირობების ფართო სპექტრისთვის. მდინარის ხეობებში ნიადაგი ვულკანური წარმოშობისაა. როგორც წესი, ძალიან ნაყოფიერი და დასამუშავებლად იოლია.

საქართველო ამჟამად 185 ქვეყნიდან მე-9 ადგილზეა მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით  და G20-ის სამ წევრს უსწრებს. ეს მართლაც შესანიშნავი მიღწევაა და განსაკუთრებით მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მაღალი პოზიცია უჭირავს "ინვესტორების დაცვის" რეიტინგშიც და გაცილებით წინ არის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც დღეს წარმატებული ეკონომიკის შექმნაზე საუბრისას მისაბაძ მაგალითად მოჰყავთ ხოლმე, როგორიცაას ჩილე, საუდის არაბეთი და ტაივანი. ალბათ, კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ამ კატეგორიაში საქართველო წინ არის მასზე ბევრად უფრო მაღალ განვითარებულ ქვეყნებზეც, როგორებიცაა იაპონია, ნორვეგია და შვედეთი.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) აქვს თურქეთთან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. გარდა ამისა, საქართველოს აშშ, კანადა, იაპონია, ნორვეგია და შვეიცარიასთან შეღავათების განზოგადებული სისტემის შეთანხმებები აქვს გაფორმერბული. 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც.

საქართველო კავკასიის რეგიონალური ცენტრია, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი გზაზე მდებარეობს. საერთაშორისო სტუმრები სამი საერთაშორისო აეროპორტით  (თბილისი, ბათუმი და ქუთაისი), თანამედროვე სარკინიგზო გზით და სავიზო ლიბერალიზაციის სისტემით სარგებლობენ.  საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს 94 ქვეყანასთან. საქართველო მნიშვნელოვან პოტენციალს გთავაზობთ სასტუმროებისა და დასვენების სექტორში ინვესტიციების დასაბანდებლად, საცხოვრებელი, საცალო და საოფისე შენობების განვითარებისთვის. გარდა ამისა, ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ A კლასის საოფისე შენობებსა და გასართობ ობიექტებზე მზარდი მოთხოვნით.

უძრავი ქონებისა და სასტუმროების სფერო საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. უკანასკნელ წლებში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების დინამიური ზრდა შეინიშნება. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 7 მლნ ტურისტს გადააჭარბებს, მაშინ როცა თავად საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის რაოდენობა 8-10% -ით გაიზრდება.

საქართველო ახალ ღრმა საზღვაო პორტს ავითარებს, რომელსაც სავარაუდოდ 100 მლნ ტონის სიმძლავრე ექნება. ასევე, ახლახანს ამოქმედდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, წელიწადში 5-15 მილიონი ტონის მოცულობით. ამ სარკინიგზო გზას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონისთვის, რადგან ის ქართულ და აზერბაიჯანულ სარკინიგზო ხაზებს თურქეთის ხაზთან აკავშირებს. ეს პროექტები მიზნად ისახავენ როგორც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, ასევე ქვეყნის ზოგადი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას.

საქართველოს თითოეული რეგიონი უნიკალურია და თავისი რესურსების განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ევროპიდან აზიაში მიმავალი სამი ძირითადი მარშრუტიდან საქართველოს გავლით გზა ყველაზე სტაბილური და უსაფრთხოა. სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის გამო კავკასიის დერეფანი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ბიზნესისთვის. გარდა ამისა, სუეცის არხმა თავის მაქსიმალურ შესაძლებლობებს მიაღწია. აქედან გამომდინარე, აშკარად არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო გზა გაიხსნას.